ზლატანი აღიარებს - საქართველოსთან აგრესიული არ ვიყავი, ესპანეთთან რომ მეთამაშა #1TVSPORT
ზლატანი აღიარებს - საქართველოსთან აგრესიული არ ვიყავი, ესპანეთთან რომ მეთამაშა #1TVSPORT

რვა შვედი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩში ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ესპანეთთან ბოლო ტურის უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებდა. შვედეთის ნაკრების მწვრთნელი იანე ანდერსონი ფიქრობდა, რომ საქართველოსთან მატჩში გუნდს ეს ფაქტი ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ მძიმე მარცხის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ ბათუმის შეხვედრაში აგრესიული თამაშისგან თავს სწორედ ესპანეთთან შეხვედრის გამოტოვების შიშით იკავებდა.

„ზოგიერთ ორთაბრძოლაში არცთუ აგრესიული ვიყავი, რადგან ყვითელი ბარათი მქონდა და კიდევ ერთის მიღებით, დისკვალიფიკაცია მექნებოდა. ეს ჩემს ემოციებს აბალანსებდა. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრები არ დავაფასეთ. ჩვენ ეს მატჩი უნდა მოგვეგო. პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 3:0 ან 4:0 უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ გოლს არ გაიტან, ვერ მოიგებ“, – განაცხადა ბათუმის მატჩის შემდეგ შვედეთის ნაკრების და „მილანის“ ვარსკვლავმა.

გასულ კვირამდე და „ინტერთანდერბიმდე, 40 წლის თავდამსხმელმა შემოდგომაზე მხოლოდ ერთი სრული მატჩი ითამაშა, ახლა კი ხუთ დღეში ორი 90 წუთიანი თამაში მოუწევს. ზლატანმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა ფიზიკურად მზად, რომ საქართველოსთან ჩატარებული 90 წუთის შემდეგ, კვირას ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრაც პირველივე წუთებიდან დაიწყოს?

„დღეს თავს კარგად ვგრძნობდი. რაც მეტს ვითამაშებ, მით უკეთესია. ახლა ერთ კვირაში ორი მატჩი ჩავატარე და სამ დღეში კიდევ ერთი მელის. ვნახოთ, რა უნდა ჩვენს მწვრთნელ იანე ანდერსონს და რა გეგმები აქვს. მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც მას უნდა. თუ გადაწყვეტს, რომ მოედანზე უნდა ვიყო, მე ვითამაშებ. ჩემი მენტალიტეტი ისაა, რომ როგორც კი მწვრთნელი მოინდომებს, სათამაშოდ მზად ვარ“, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი.

ზლატანი საქართველოსთან საკუთარ თამაშს თვითკრიტიკულად აფასებს:

„ბოლოს რეალური საგოლე შანსი ვერ გამოვიყენე და ქულა დავკარგეთ. მე ვქმნიდი მომენტებს, რომლებსაც ვერ ვიყენებდი, მაგრამ რაც უფრო მეტს ვთამაშობ, ფორმაში მით უფრო შევდივარ, რადგან თამაში მენატრება“.

მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში შვედეთის ნაკრებმა ადგილი გაინაღდა, მაგრამ უნდა დაამარცხოს ესპანეთი, რათა საგზური პირდაპირი გზით მოიპოვოს:

„ესპანელები თავიანთ ფეხბურთს თამაშობენ და საიდუმლო არ არის, როგორ მაღალ დონეზეც თამაშობენ. შვედეთმა უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა შინ და გამარჯვების სჯეროდეს“.