შვედ ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც 31 დეკემბრამდე „ლოს ანჯელეს გელაქსის“ რიგებში ირიცხება, იტალიაში კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გამოუჩნდა. ლაპარაკია ვეტერანი ფეხბურთელის „ნაპოლიში“ გადასვლაზე, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა „გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
როგორც წყარო ამტკიცებს, ნეაპოლური კლუბი აპირებს იბრაჰიმოვიჩს წელიწადნახევრიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ეს საკითხი მომდევნო კვირას უნდა გადაწყდეს კლუბის ხელმძღვანელობასა და მოთამაშის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე. ასევე „ნაპოლი“ შემადგენლობის გაძლიერების შესაძლებლობას განიხილავს „მილანის“ ნახევარმცველით ფრანკ კესიეთი და „არსენალის“ ნახევარმცველით ლუკას ტორეირათი.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ შვედ ფორვარდზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „მილანი“და „ბოლონია“. მილანელთა რიგებში გადასვლა თითქმის რეალური ჩანდა.
MLS-ის გასულ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 31 გოლი გაიტანა.