„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გადაწყვიტა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს კარიერა, – წერს „გაძეტა დელო სპორტი“.
შვედის კონტრაქტი „როსონერისთან“ ამა წლის ზაფხულში იწურება. ზლატანის პოზიციები მილანურ კლუბში გაუარესდა სპორტული დირექტორის პოსტიდან ზვონიმირ ბობანის წასვლის შემდეგ. სწორედ ხორვატი იყო 38 წლის იბრაჰიმოვიჩის მიწვევის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.
იბრაჰიმოვიჩმა გადაწყვიტა არ წავიდეს ფეხბურთიდან, რადგან ეს სეზონი კორონავირუსის ინფექციის გამო, პრაქტიკულად არასრულფასოვანი გამოვიდა და სკანდინავიელმა ვერ დაუსვა ლამაზი წერტილი საკუთარ კარიერას.
იტყობინებიან, რომ ვეტერანს სერია A-ში დარჩენა სურს და მზად არის სხვა კლუბების შეთავაზებები განიხილოს, თუ „მილანთან“ მოლაპარაკებას ვერ შეძლებს.
მილანელთა რიგებში დაბრუნების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა 10 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.