ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა - შვედი ზედიზედ 23 წელია ახერხებს გოლის გატანას (ვიდეო)
იტალიის სერია A-ში მე-18 ტური „კალიარისა“ და „მილანის“ შეხვედრით დასრულდა. მილანელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სწორედ მისი დუბლით „მილანმა“ სტუმრად 2:0 მოიგო.
პირველი გოლი სკანდინავიელმა პენალტით მე-7 წუთზე გაიტანა, მეორედ კი თავი 52-ე წუთზე გამოიჩინა. შედეგიანი გადაცემა დავიდე კალაბრიას ანგარიშზე იყო.
იბრაჰიმოვიჩი ზედიზედ 23 წელია ახერხებს გოლის გატანას. პირველად მან მოზრდილების დონეზე 1999 წელს გაიტანა.
74-ე წუთზე „მილანი“ 10 კაცით დარჩა მოედანზე – ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს ალექსის სალემაკერსი, თუმცა, რიცხობრივი უპირატესობა მასპინძლებმა ვერ გამოიყენეს.
18 ტურის შემდეგ „მილანმა“ 43 ქულა დააგროვა და ისევ ერთპიროვნული ლიდერია – სამი ქულით უსწრებს თანაქალაქელ „ინტერს“.