ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატის გამორჩეულ მოთამაშედ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რომელმაც სეზონის პირველ ნაწილში ყველა გააოცა.
„მილანის“ შვედმა თავდამსხმელმა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იტალიის ჩემპიონატზე, გამორჩეულ მოთამაშეებსა და ტრავმის შემდეგ საკუთარ დაბრუნებაზე ისაუბრა.
„დაბრუნების ფიქსირებული დრო არ არსებობს. ზუსტი თარიღის თქმა არასწორი იქნება. ჩემი სურვილი რომ იყოს, ჩემპიონატის პირველ ნახევარშიც სასტარტო შემადგენლობაში ვიქნებოდი, მაგრამ ვფიქრობ, როცა მზად ვიქნები, მაშინ უნდა ვითამაშო. არ შემიძლია მოედანზე გასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ იბრაჰიმოვიჩი ვარ. სიარულით თამაში არ მიყვარს, ასეთ დროს სათადარიგოთა სკამზე ან ტრიბუნაზე ჯდომა მირჩევნია.
ამ მომენტში „მილანი“ მეორე ადგილზეა. „ნაპოლი“ ძლიერია, ხვიჩა კვარაცხელია კი ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საჩემპიონო ბრძოლაში „იუვენტუსიც“ ბრუნდება, „ინტერიც“ ამ პროცესშია.
წლევანდელი სეზონი სპეციფიკურია მსოფლიო ჩემპიონატის უჩვეულო დროს ჩატარების გამო. ამიტომ წელს იტალიის ჩემპიონატი ნაკლებად ხარისხიანი იქნება. ჩემი ხანგრძლივი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტი სეზონის მეორე ნახევარია“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.