ზივზივაძეს გერმანიასა და თურქეთში იწვევენ - მისი სატრანსფერო ფასი ათჯერ გაიზარდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „უიპეშტსა“ და საქართველოს ნაკრებში ჩატარებული შესანიშნავი მატჩების შემდეგ, გერმანული და თურქული კლუბები დაინტერესდნენ.
„უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებული თამაშების შემდეგ ზივზივაძეს უნგრული კლუბების გარდა სხვა ქვეყნის გუნდები იწვევენ. ივნისში სანაკრებო მატჩებში თავი ძალიან კარგად გამოაჩინა და ყველა დარწმუნდა, რომ მაღალი დონის მოთამაშეა. ოფიციალური წინადადება აქვს მეორე ბუნდესლიგის გუნდიდან, მაგრამ „ფეჰერვარმა“ ისეთი თანხა მოითხოვა, რასაც გერმანული გუნდი ვერ გაწვდებოდა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძე.
უნგრეთში მოღვაწე ქართველმა მენეჯერმა სხვა ვარიანტებზეც ისაუბრა: „თურქეთიდან და პოლონეთიდან დაგვიკავშირდნენ და უნგრეთშიც ძალიან კარგი გუნდი დაინტერესდა. რეალურია, რომ მალე ბუდუ უფრო მაღალ დონეზე ვიხილოთ. წესით, 2-3 კვირაში უნდა გაირკვეს, ბუდუ სად ითამაშებს“.
ბუდუ ზივზივაძემ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა (ორი სტუმრად) და უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა –რაზგრადში 1:2-ზე ბულგარეთს გაუტანა, ხოლო სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიელებთან ანგარიში გახსნა.
ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა უეფა-ს ერთა ლიგაზე ზივზივაძე ივნისის ეტაპის ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში საშუალო 7.2 ქულით დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ზივზივაძე 13 გოლით უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში მოხვდა. მეორე წრეში ბუდუ უბრალოდ შეუჩერებელი იყო – 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში 9-ჯერ დაასახელეს – წლის ბოლოს ჩემპიონატის რჩეულ 11-ში დაასახელეს და „უიპეშტის“ წლის მოთამაშედ აღიარეს.