ზივზივაძემ შანსი ვერ გამოიყენა - „ფეჰერვარი“ ბუდუს ყოფილ კლუბთან დამარცხდა #1TVSPORT
ზივზივაძემ შანსი ვერ გამოიყენა - „ფეჰერვარი“ ბუდუს ყოფილ კლუბთან დამარცხდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ „ფეჰერვარში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ქართველ ლეგიონერს თავის გამოჩენა და გუნდის გადარჩენაც შეეძლო „უიპეშტთან“ მატჩში, მაგრამ მოედანი უგოლოდ დატოვა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სეზონი კარგად დაიწყო და ევროთასებსა და უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. თუმცა, გუნდში ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება და ნაკლები სათამაშო დრო მის შედეგიანობაზეც აისახა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თავიდან სათადარიგოებში იყო ზივზივაძის ყოფილ კლუბ „უიპეშტთან“ საშინაო დაპირისპირებაში, რომელიც მე-4 ტურის გადადებული მატჩი იყო. ზივზივაძე მოედანზე მხოლოდ 74-ე წუთზე გამოჩნდა.

თამაშის ბედი ამის შემდეგ ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მე-80 წუთზე „ფეჰერვარს“ ბრანკო პაულევიჩმა გაუტანა და „უიპეშტმა“ 1:0 მოიგო. ბოლო წუთზე ზივზივაძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ 17-მეტრიდან მისი დარტყმა მიზანს ასცდა.

10 ტურის შემდეგ „ფეჰერვარმა“ 11 ქულა დააგროვა და ამ წაგების შემდეგ „უიპეშტმა“ (12) გადაასწრო, ბუდუ ზივზივაძემ კი ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა (3 ძირითად შემადგენლობაში) და ჯერ მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია.