ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში მერვე გოლი გაიტანა - „კარლსრუემ“ სტუმრად „კაიზერსლაუტერნი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში „კარლსრუე“, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, სტუმრად „კაიზერსლაუტერნს“ ეწვია და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 4:0.
ზივზივაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 88-ე წუთიდან ჩაერთო, სამიოდ წუთში კი ბრწყინვალე თავური დარტყმით შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ „კარლსრუეს“ „კაიზერსლაუტერნთან“ გასვლითი მატჩი 1992 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული.
ბუდუ ზივზივაძისთვის კი ეს მიმდინარე სეზონში მერვე გოლია და ამ მაჩვენებლით თანაგუნდელ იგორ მატანოვიჩთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
Sofascore.com-მა ბუდუს საკმაოდ მაღალი შეფასება – 7,3 დაუწერა.
23 ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 32 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში მყოფ „ჰამბურგს“ (რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს) ექვსი ქულით ჩამორჩება.