ზივზივაძემ ისევ გაიტანა და მეტოქის ზეიმი ჩაშალა - ქართველს უნგრეთში ვერ აჩერებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთში ვერ აჩერებენ. ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველი თავდამსხმელის ახალი გუნდი „უიპეშტში“ „დებრეცენს“ შეხვდა და უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო.
ეს იყო უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრა, რომელსაც „დებრეცენი“ განსაკუთრებული ზეიმით შეხვდა – გუნდი დაარსებიდან 120 წლის იუბილეს აღნიშნავდა და ცხადია, მოგებას უმიზნებდა. მაგრამ „დებრეცენს“ ქართველმა თავდამხმელმა და მისმა გუნდმა ეს ზეიმი ჩაუშალა.
„უიპეშტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო როგორც ბუდუ ზივზივაძე (85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო), ასევე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბერიძე (79-ე წუთზე შეცვალეს). შეხვედრა სულ რაღაც 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც იოჰან კროიზემ საჯარიმოში ზივზივაძე მონახა, რომელმაც მცველებს დაასწრო და ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა.
45+3-ე წუთზე ნემანია ანტონოვმა „უიპეშტის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზრადა. ბუდუ ზივზივაძეს მეორე ნახევარშიც შეეძლო გატანა, მაგრამ ამჯერად შანსით ვერ ისარგებლა. 85-ე წუთზე „დებრეცენმა“ უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველის ბალაჟ ჯუჯაკის მიერ გამოყენებული პენალტით 65-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:2 „უიპეშტის“ სასარგებლოდ.
„უიპეშტმა“, რომელიც ზივზივაძის მისვლისას, სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-12 ადგილზე იყო, ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, 30 ქულა დააგროვა და გასაოცარი ნახტომი გააკეთა – გუნდი მე-6 ადგილზე დაწინაურდა, ევროზონის გუნდებს 11 ქულით ჩამორჩება და პლუს თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „პაკშს“ 19 აპრილს გასვლაზე დაუპირისპირდება.
ამ ოთხ შეხვედრაში აუტსაიდერი გუნდის დაწინაურება პირდაპირ უკავშირდება ქართველის შედეგიან თამაშს, რომელმაც ამ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულს მიუახლოვდა.