„უიპეშტმა“ ქართველების გოლებით დაასრულა უნგრეთის ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც ასევე ქართველების გუნდი „ფერენცვაროში“ გახდა.
„უიპეშტის“ ლიგაში დარჩენაში დიდი როლი სწორედ ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ ითამაშეს.
უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო, 33-ე ტურში (12-გუნდიანი ჩემპიონატი 3 წრედ ტარდება) „უიპეშტი“ ზივზივაძის ყოფილ გუნდს, „მეზოკოვეშდს“ ესტუმრა (სადაც ტრავმირებული ლუკა ლაკვეხელიანი ვერ თამაშობს) და 3:2 გაიმარჯვა. მართალია, მე-3 წუთზე მარინ იურინის დარტყმის შემდეგ სტუმრებმა გოლი გაუშვეს, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ქართველი ფეხბურთელების დამსახურებით მოიგო.
მეორე ტაიმი ბერიძე-ზივზივაძის ბენეფისად გადაიქცა. 59-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ საჯარიმოსთან შეტევა გიორგი ბერიძეს გაუგრძელა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებაზე მატიაშ კატონამ წონასწორობა აღადგინა. 66-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვიდან თავად ბერიძემ გაიტანა, 71-ე წუთზე კი ზივზივაძემ ფლანგური გადაცემის დროს დასწრებაზე ითამაშა და იერიში ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა.
უნგრეთის ჩემპიონატში „უიპეშტის“ გოლების თითქმის 40 პროცენტი, 19 ქართველებმა გაიტანეს – გუნდის 50 გოლიდან გიორგი ბერიძის ანგარიშზე 8 გოლია (27 მატჩში), ხოლო ხოლო ბუდუ ზივზივაძემ (12 მატჩი) მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო. გუნდმა სეზონი 44 ქულით დაასრულა, მაგრამ მე-5 ადგილს დაიკავებს თუ მე-6-ს, ეს დღეს „პაკშის“ (42) მატჩის შემდეგ გახდება ცნობილი.