ზივზივაძე უნგრულ სიმბოლურში მერვედ დაასახელეს - ტურის ნაკრებში ქართული დუელი მოხვდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ – 28-ე ტურის რჩეულებში ქართველები გამოცემა csakfoci-მ დაასახელა.
„უიპეშტის“ ქართველმა თავდამსხმელებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს კონკურენტ „ზალაეგერშეგთან“ პრინციპული შეხვედრის მოგებაში – 4-დან 3 გოლი მათ გაიტანეს. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, ბერიძემ ერთი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი) – ის ბომბას ხელიდან არ უშვებს. ამჯერად მან წარმატებაში წვლილი ორი გოლით შეიტანა, მეორე დარტყმა საკმაოდ ეფექტური იყო: ბურთი მახვილი კუთხიდან შორეულზე „ცხრიანში“ ჩაახვია.
გიორგი ბერიძე (უიპეშტი) – მატჩის დასაწყისში ზივზივაძეს საგოლე პასი მისცა, შესვენებამდე კი დრიბლინგი საკუთარი ნახევრიდან ისე დაიწყო, ხელი ვერავინ შეუშალა და 16 მეტრიდან დაარტყა“, – წერს უნგრული გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე ზედიზედ მეორედ მოხვდნენ უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში, ზივზივაძე კი ქართველ ფეხბურთელებში აბსოლუტური რეკორდსმენია – ის ბოლო 9 ტურში ტურის რჩეულებში მერვედ დაასახელეს.