ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც უნგრელმა გულშემატკივრებმა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, კიდევ ერთი აღიარება დაიმსახურა – ინფორმაციას „უიპეშტის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„თქვენ მიეცით ხმა და სეზონის ულამაზესი გოლი დაასახელეთ. საუკეთესოდ უმრავლესობამ „ზალაეგერსეგთან“ ბუდუ ზივზივაძის გატანილი გოლი აღიარა. გილოცავთ, ბუდუ“, – წერს ქართველი ფეხბურთელის კლუბის პრესსამსახური.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გოლი წარდგენილი იყო უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლების ნომინაციაში, სადაც საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა. გუნდმა ქართველის წვლილი დააფასა და სეზონის დასრულების შემდეგ ზივზივაძის მიერ გატანილი გოლების ვიდეოკოლაჟი მოამზადა.
„გუნდის ფორმით ბუდუ ზივზივაძემ 11 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა დარტყმა ყველაზე ლამაზია“, – წერია „უიპეშტის“ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი „ფეჰერვარს“ ეკუთვნის, სადაც ზივზივაძეს თავის გამოჩენის შანსს არ აძლევდნენ და იქ დაბრუნება არ სურს.