ზივზივაძე ნაკრების მწვრთნელად უცხოელს ხედავს - ჩვენს მდგომარეობაში ასეთი გადაწყვეტილება აჯობებს
ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ პოზიცია დააფიქსირა იმის შესახებ, საქართველოს ნაკრებში უცხოელი მწვრთნელის დანიშვნა აჯობებს თუ ქართველის.
უნგრეთის ვიცეჩემპიონის, „ფეჰერვარის“ ქართველი თავდამსხმელის არჩევანი უცხოელისკენ იხრება.
„ალბათ, მაინც საქართველოს ნაკრებში უცხოელი მწვრთნელის დანიშვნა აჯობებს, რომელსაც მეტი გამოცდილება და ცოდნა ექნება. არ მინდა ქართველ მწვრთნელებს ეწყინოთ, თუმცა, დღეს ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ აჯობებს, გუნდი უცხოელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს“, – ამბობს ზივზივაძე.
26 წლის თავდამსხმელმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების შანსებზეც ილაპარაკა: „საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. თუმცა, დღეს თამაში ყველასთან შეიძლება. მით უფრო ჩვენი ნაკრებისთვის, რადგან კარგი გუნდი ჩამოყალიბდა. წარმატებებს ველოდებით და იმედი მაქვს, რომ ახალ შესარჩევ ციკლში ნაკრების მაისურის მორგება მეც მომიწევს და თავის გამოჩენის შანსი მომეცემა“.