ზივზივაძე აპრილის საუკეთესო გოლის ავტორია - ქართველი უნგრეთის ბომბარდირთა ხუთეულში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
ზივზივაძე აპრილის საუკეთესო გოლის ავტორია - ქართველი უნგრეთის ბომბარდირთა ხუთეულში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში სეზონი ჩინებულად დაასრულა. საქართველოს ნაკრებისა და „უიპეშტის“ თავდამსხმელის გოლი აპრილში უნგრეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ აღიარეს და ბოლო ტურის მატჩის შემდეგ დააჯილდოვეს.

„ეს არ არის გასული თვის ფოტო (როდესაც ქართველი ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს), ზივზივაძე ზედიზედ მეორედ არის დაჯილდოვებული, ამჯერად თვის ყველაზე ლამაზი გოლისთვის. კარგია ბუდუ!“, – ასე გამოეხმაურა „უიპეშტის“ ოფიციალური გვერდი ქართველის აღიარებას.

თვის გოლი ზივზივაძემ 16 აპრილს, 28-ე ტურში „ზალაესერგეშთან“ გაიტანა – ბუდუმ დუბლი (24, 37 წუთები) შეასრულა, მეორე გოლი კი განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა – საჯარიმოს კუთხესთან მყოფმა ბურთი შორეულ „ცხრიანში“ ლამაზად მოჭრა.

ზივზივაძის გოლით დაასრულა „უიპეშტმა“ უნგრეთის ჩემპიონატი და ლიგაში ადგილის შენარჩუნებაშიც დიდი როლი ითამაშა. მის მისვლამდე ბუდაპეშტელები ბოლო, მე-12 ადგილზე იმყოფებოდნენ, „ფეჰერვარიდანზივზივაძის იჯარით დამატების შემდეგ კი მე-5 ადგილზე დაწინაურდნენ და ბოლოს ევროსაგზურისთვისაც იბრძოდნენ.

სულ ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა – „ფეჰერვარში“ (12 მატჩში) მეტოქეთა კარი მხოლოდ 2-ჯერ აიღო, „უიპეშტში“ გადასულმა კი ასევე 12 მატჩში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.

საბოლოოდ, ჯამური 13 გოლით, „ფერენცვაროშის“ თავდამსხმელ რაიან მმაესთან ერთად, ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეოთხე-მეხუთე ადგილი დაიკავა, მეორე-მესამეადგილოსნებს კი 1 გოლით ჩამორჩა.