ზინედინ ზიდანი იტალიის სერია A-ში მუშაობას არ გამორიცხავს #1TVSPORT
ზინედინ ზიდანმა იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში, სერია A-ში მუშაობა არ გამორიცხა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოსთან ინტერვიუში განაცხადა, სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნება სურს.
„სერია A-ში მუშაობას არ გამოვრიცხავ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა სხვა რამეს ვაკეთებ, თუმცა სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნება მსურს. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში“, – განაცხადა ზიდანმა.
51 წლის სპეციალისტი ბოლოს მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა. მან გუნდი 2021 წელს დატოვა და მას შემდეგ ევროპული ფეხბურთის არაერთ გრანდს უკავშირებენ.
ამ მომენტისთვის ევროპაში რამდენიმე გუნდი მწვრთნელს ეძებს. სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი „ლივერპულს“ დატოვებს, ხოლო ტომას ტუხელი – მიუნხენის „ბაიერნს“. შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსმაც“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლოს. ევროპული სპორტული მედიის ინფორმაციით, ამ გუნდების ხელმძღვანელები ახალ მწვრთნელად ზიდანის კანდიდატურასაც განიხილავენ.
ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო კარიერის მანძილზე სამჯერ ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ლა ლიგა მოიგო.