ზინედინ ზიდანი - ბეილის და ნავასის მომავალი ჯერ გარკვეული არ არის
ზინედინ ზიდანი - ბეილის და ნავასის მომავალი ჯერ გარკვეული არ არის

„ბეტისთან“ წაგებული ჩემპიონატის ბოლო მატჩის შემდეგ, სათადარიგოთა სკამზე დარჩენილმა გარეტ ბეილმა გულშემატკივრებს მადლობა არ გადაუხადა და უსიტყვოდ გაეშურა გასახდელისკენ, მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, იყო თუ არა ეს უელსელისთვის უკანასკნელი მატჩი მადრიდულ სამეფო კლუბში.

„ვწუხვარ, ბეილმა რომ ვერ ითამაშა, მაგრამ ახლა ჯერ გარკვეული არაფერია. თუ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელი სქემაში არ ჯდება, ისე უნდა მოვიქცე, როგორც საჭიროდ მივიჩნევ. ვერავინ შეცვლის იმას, რომ ბეილს ამ გუნდის მიმართ დიდი დამსახურება აქვს, მაგრამ მე მწვრთნელი ვარ და დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვრო“, – განაცხადა ზიდანმა.

კითხვაზე, რა ბედი ელის კოსტარიკელ მეკარე კეილორ ნავასს, ფრანგმა უპასუხა:

„არ ვიცი, რა მოხდება. კეილორმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“.

„რეალმა“ წლევანდელი სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და მეორეადგილოსან „ატლეტიკოს“ რვა, ხოლო ჩემპიონ „ბარსელონას“ 19 ქულით ჩამორჩა.