ზინჩენკომ ინგლისის ჩემპიონობა უკრაინის დროშით აღნიშნა და ემოცია ვერ მოთოკა [ვიდეო] #1TVSPORT
ოლეკსანდრ ზინჩენკოს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებიდან გამოწვეული მძიმე განცდების შემდეგ, როგორც იქნა, სასიხარულო ამბავი აქვს – მან „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონობა უკრაინის დროშით აღნიშნა.
ინგლისის პრემიერლიგის ბოლო, 38-ე ტურში პეპ გავრდიოლას „მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილა“ 3:2 დაამარცხა, 93 ქულა დააგროვა და ქულით ჩამოიტოვა იურგენ კლოპის „ლივერპული“ – ამით გიორგი ქინქლაძის ყოფილმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონობა მერვედ იზეიმა.
ზინჩენკომ წინასწარ მოამზადა უკრაინის დროშა, რომელიც „ასტონ ვილასთან“ გამარჯვების შემდეგ ჯერ თავად შემოიხვია, შემდეგ კი თასი ასწია და ემოციები ვერ შეიკავა – ცრემლები წამოუვიდა. თანაგუნდელები უკრაინელის დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ ზინჩენკო ამას დიდი ხანი ვერ ახერხებდა.
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელისთვის ეს პრემიერლიგის მეოთხე ოქროს მედალია, სულ კი – მეათე ტიტული. დასრულებულ სეზონში ზინჩენკომ 15 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, მათ შორის „ასტონ ვილასთან“ გადამწყვეტ თამაშში.