მაროკოელი ნახევარმცველი ჰაქიმ ზიეჩი დატოვებს „აიაქსს“ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს.
ამსტერდამული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა დაადასტურა, რომ ზიეჩი შეიძლება მართლაც წავიდეს, თუ „აიაქსი“ რომელიმე ტოპ-კლუბისგან მიიღებს წინადადებას.
„ის წავა, როგორც კი რომელიმე ტოპ-კლუბი მოაკითხავს. ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის გამო ხდება. ზიეჩის ყიდვა ბევრ დიად გუნდს სურს და ჩვენ დავპირდით ჰაქიმს, რომ დავთანხმდებით წინადადებას, თუ ის მისაღები იქნება“, – მოჰყავს ოვერმარსის სიტყვები BBC-ს.
ჰოლანდიური პრესა მჭიდროდ აკავშირებს მაროკოელ ნახევარმცველს მიუნხენის „ბაიერნთან“, რადგან ეს გუნდი დატოვეს არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ.
დასრულებულ სეზონში ჰაქიმ ზიეჩმა 49 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 21 გოლითა და 24 შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს. „აიაქსთან“ ერთად მან მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი, აგრეთვე, მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე.