ედენ აზარის ბოლოდროინდელმა ტრავმებმა, მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ტალანტს ვინისიუს ჟუნიორს, შანსი მისცა სამეფო კლუბის შემადგენლობაში თავი გამოეჩინა და მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მას თამაშის საშუალებას ხშირად აძლევს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ის ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელს ბოლომდე ენდობა.
ვინისიუს ჟუნიორი, დიდი ალბათობით, შემდეგ შეხვედრაშიც „უესკას“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება.
„ვინისიუსმა თავისი საქმის კეთება კარგად იცის. მე არ მჭირდება მისთვის არაფრის შეხსენება. ის ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი რამის სწავლა სჭირდება, როგორც „რეალის“ ყველა ახალგაზრდა მოთამაშეს“, – ისაუბრა ზიდანმა 20 წლის ფეხბურთელზე.
ვინისიუსმა ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 25 თამაში ჩაატარა, სადაც 3 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
რაც შეეხება „რეალს“, სამეფო კლუბი ლა ლიგაში 40 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. ზინედინ ზიდანის გუნდი დღეს, 6 თებერვალს „უესკას“ დაუპირისპირდება.