ზიდანმა საქართველოშიც გაიბრწყინა - „ტორპედომ“ პალესტინელის დუბლითაც ვერ მოიგო #1TVSPORT
ზიდანმა საქართველოშიც გაიბრწყინა - „ტორპედომ“ პალესტინელის დუბლითაც ვერ მოიგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის აუტსაიდერმა ქუთაისის „ტორპედომ“ „თელავს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მოგება ბოლო მომენტში ხელიდან გაუშვა.

თამაშამდე თელაველებისთვის უსიამოვნო ამბავი მოხდა – მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი დაშავდა და გუნდი სათადარიგო მეკარის გარეშე დარჩა. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა „თელავმა“ თამაში კარგად დაიწყო და 38-ე წუთზე ცოტნე კაპანაძის პასით, ლაშა შერგელაშვილმა თავის ყოფილ გუნდს ძალიან ეფექტური თავური გოლი გაუტანა.

ქუთაისელებმა მეორე ნახევარში კარგად ითამაშეს, რაშიც პალესტინელმა ლეგიონერმა, ფადი ზიდანმა დიდი როლი ითამაშა. მუროჯონ ტუიჩიბაევის ფლანგური გადაცემით, ზიდანმა ნახტომში ეფექტური თავური დარტყმით თელაველთა კარი აიღო 1:1. პალესტინელმა თავდამსხმელმა 67-ე წუთზე სტუმრებს მეორედაც გაუტანა. მეჰდი ბუკასის დარტყმული სტუმართა მცველს, ილია ბერიაშვილს მოხვდა და კარის წინ გახსნილ ზიდანს მიუგორდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი დუბლის ავტორი გახდა.

ქუთაისელები პირველი მოგების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, როდესაც დაცვაში მოდუნება ძვირად დაუჯდათ. ლაშა შერგელაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ იმედა აშორტიამ ყველას დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.

4 ტურის შემდეგ „თელავმა“ 5 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ტორპედომ“ 2 ქულა მოიპოვა და მე-9 პოზიციაზეა.

 

ტორპედო – თელავი 2:2

14.03.2021 – ქუთაისი – „რამაზ შენგელია – არენა“

 

გოლები: 0:1 ლაშა შერგელაშვილი (38. ცოტნე კაპანაძის პასით), 1:1 ზიდანი (48. ტუიჩიბაევის პასით), 2:1 ზიდანი (67), 2:2 აშორტია (90+2. შერგელაშვილის პასით)

 

ტორპედო: შოვნაძე – მირცხულავა, ქაფიანიძე (39. ჩაკვეტაძე), ტუიჩიბაევი – ტაბატაძე (46. ინკუმი), მამასახლისი, ბუკასი, რეკიში (76. ძარია), ნადარაია – ზიდანი (90. გოგუაძე), სალაკუ (46. შარვაშიძე)

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია

 

თელავი: სანიკიძე – ძოწენიძე (86. აშორტია), ბერიაშვილი, ფაცაცია – კაპანაძე, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, შერგელაშვილი – შეყილაძე, ხაბულიანი (71. სოსიაშვილი), ჯიქია (71. ინჯგია)

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

 

მთავარი არბიტრი: გ. ყრუაშვილი

გაფრთხილებები: ნადარაია (41), ბუკასი (45+1), ტუიჩიბაევი (80), აშორტია (90+3), ძარია (90+4)