მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გარეთ ბეილი ინგლისურ „ტოტენჰემში“ არ გადავა. როგორც ადრე იტყობინებოდნენ, უელსელი თავდამსხმელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა 30 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით ყველა გავრცელებული ხმები უარყო.
„გარეთი ჩვენთან ერთადაა, მე მისი დიდი იმედი მაქვს. ბეილის სხვა კლუბში გადასვლას არც განვიხილავთ“, – მოჰყავს „რეალის“ პრეს-სამსახურს ზიდანის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში უელსელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.