ზიდანის დებიუტი და მუდიმუს ფრე - „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა ნაკრებებში ითამაშეს #1TVSPORT
ფადი ზიდანმა პალესტინის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრები ჩაატარა. ქუთაისის „ტორპედოს“ 28 წლის თავდამსხმელი პალესტინის ნაკრებს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ახლდა, სადაც სამი ერის თასი გათამაშდა.
პალესტინის ნაკრებმა პირველი მატჩი მასპინძლებთან ითამაშა და 0:1 დამარცხდა. ქუთაისელთა ლეგიონერი მოედანზე მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოჩნდა. მეორე შეხვედრაში პალესტინელები ბანგლადეშს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 2:0 დაამარცხეს. ამჯერად, ზიდანი ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო.
სანაკრებო პაუზაზე ეროვნული გუნდების შეკრებაზე გამოიძახეს ქუთაისის „ტორპედოს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, 26 წლის ცენტრალური მცველი ალეკ მუდიმუ, რომელიც 2018 წლიდან ზიმბაბვეს ეროვნული გუნდის წევრია. მისი ქვეყნის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის აფრიკული შესარჩევი ეტაპის შეხვედრა 3 სექტემბერს ჰარარეს ნაციონალურ სტადიონზე სამხრეთ აფრიკასთან გამართა და 0:0 ითამაშა.
მუდიმე ზიმბაბვეს ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, შეხვედრა კი 0:0 დასრულდა. ზიმბაბვე 7 სექტემბერს ბაჰრ-დარში ეთიოპიას ესტუმრება. ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი ტური გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ „გ“ ჯგუფში, სადაც განის ნაკრებიც თამაშობს.