ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში მადრიდის „რეალი“ შინ ვიგოს „სელტას“ შეხვდა. ეს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ ზინედინ ზიდანის პირველი მატჩი იყო. ფრანგმა „რეალში“ მეორე მისვლა მოგებით აღნიშნა – 2:0.
ზიდანმა შემადგენლობაში რამდენიმე ის ფეხბურთელი დააყენა, რომლებსაც მისი წინამორბედი სანტიაგო სოლარი არ წყალობდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ისკო, რომელმაც მეორე ტაიმის შუაში ქარიმ ბენზემას პასით გახსნა ანგარიში. მეორე გოლი სტუმრების კარში გარეტ ბეილმა გაიტანა. საგოლე გადაცემა მარსელომ შეასრულა.
„რეალი“ 54 ქულით მესამე ადგილზეა ცხრილში.