მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ მრჩევლად დაინიშნება, – ამტკიცებს პორტალი „ლიბერტად დიხიტალი“ (Libertad Digital), რომელიც ტურინული კლუბის მფლობელთან – ანიელების ოჯახთან დაახლოებულ წყაროს ეყრდნობა.
კერძოდ, 46 წლის ფრანგი ოქტომბერში შეუერთდება იტალიის ჩემპიონს და გუნდის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის დაეხმარება.
იტყობინებიან, რომ ზიდანის გადაწყვეტილებაზე „იუვენტუსში“ პორტუგალიელი ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს გადასვლამ იმოქმედა.
ზინედინ ზიდანი 2016-18 წლებში ედგა სათავეში “რეალს”. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატში.