„რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ „ბარსელონასთან“ მოპოვებული გამარჯვება მისი გუნდისთვის არაფერს ცვლის.
გუშინ, 1 მარტს, მადრიდის სტადიონ „სანტიაგო გერნაბეუზე“ გამართული ტრადიციული ესპანური დაპირისპირება მასპინძლების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, რის შედეგადაც მადრიდელებმა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს და მეორეადგილოსან „ბარსელონას“ ერთი ქულით უსწრებენ.
„ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება თავდასხმასა და დაცვაში კარგი თამაშით. შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი სამი ქულაც ავიღეთ“, – ამბობს ფრანგი სპეციალისტი, – „თუმცა, ეს დიდად არაფერს ცვლის. ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ და ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლოთ“.
მატჩში ანგარიში 71-ე წუთზე ბრაზილიელმა ვინისიუშმა ტონი კროოსის ჭკვიანური პასის შემდეგ გახსნა, მეორე გოლი კი „ბარსელონას“ შეცვლაზე შესულმა მარიანომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გაუტანა.