„ზესტაფონმა“ ცხრა ფეხბურთელი დაიმატა
„ზესტაფონმა“ ცხრა ფეხბურთელი დაიმატა

„ზესტაფონი“ სეზონისათვის მზადებას განახლებული შემადგენლობით შეუდგა. გუნდს უკვე რამდენიმე ახალწვეული შეუერთდა და ფეხბურთელთა შეთამაშების მიზნით, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვაც დაგეგმეს.

პირველ ვარჯიშში გუნდის შარშანდელი შემადგენლობის ექვსი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ზესტაფონელთა რიგებში ისევ იასპარეზებენ გოლკიპერი ბაჩო მიქავა, მცველები დავით ჩხიკვაძე და დავით მოსიძე, ნახევარმცველები გიორგი სამხარაძე, ნოდარ გაჩეჩილაძე და კობა გოგობერიშვილი, მცველი ავთანდილ სირაძე და ზემოიმერული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი კი გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.

დღეისთვის გუნდში ცხრა ახალწვეულია – იმერულ გუნდს „ზესტაფონის“ საკლუბო აკადემიაში ფეხადგმული, შემდგომში კი მარტვილის „მერანისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ სკოლაგამოვლილი 18 წლის გოლკიპერი გიორგი აბრამიშვილი; დაცვის ხაზში დაიმატეს 30 წლის თორნიკე კაკუშაძე, 26 წლის ბაკურ ნიკოლაძე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი, 24 წლის ზურაბ გელაშვილი და ექს-ბოლნისელი ივანე ჭაბუკიანი. გუნდის ნახევარდაცვაში ითამაშებს მარტვილის „მერანის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, 25 წლის ირაკლი საღარეიშვილი და 26 წლის გოგი გოგიჩაიშვილი, რომელსაც ზურგს „გურიასა“ და „სამგურალში“ თამაშის გამოცდილება უმაგრებს.

„ზესტაფონისთვის“ შეუტევენ 30 წლის გიგა ამბროლაძე (ბოლოს „სამგურალში“ ასპარეზობდა) და 22 წლის ფორვარდი ჯუმბერ ხმელიძე (მისი ბოლო კლუბი ჩოხატაურის „ბახმარო“ გახლდათ). რამდენიმე დღეში, გუნდს თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო აკადემიის რამდენიმე იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუერთდება.