„ზესტაფონის“ პრეზიდენტი იალბუზის დალაშქვრასაც აპირებს - იალბუზზე საქართველოს და კლუბ „ზესტაფონის" დროშები უნდა აღვმართო
„ზესტაფონის“ პრეზიდენტი იალბუზის დალაშქვრასაც აპირებს - იალბუზზე საქართველოს და კლუბ „ზესტაფონის" დროშები უნდა აღვმართო

დასავლეთ ევროპის უდიდესი მწვერვალის დალაშქვრის შემდეგ, ბიზნესმენი ილია კოკაია კავკასიონის უდიდეს მწვერვალზე, იალბუზზე (სიმაღლე – 5642 მ) ასვლასაც გეგმავს.

ამის შესახებ პირველ არხს თავად საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მეპატრონემ განუცხადა.

„შედარებით დაბალი სიმაღლის მწვერვალების დალაშქვრის შემდეგ დიდი სტიმული და ინტერესი გამიჩნდა. მონბლანზე ასვლის შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად იალბუზზე ექსპედიციის მოწყობაც გადავწყვიტე“, – ამბობს კოკაია.

30 აგვისტოს, ბიზნესმენმა და საფეხბურთო კლუბის მეპატრონემ მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, დასავლეთ ევროპის უდიდესი მწვერვალი, საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე, ალპებში მდებარე მონბლანი (4 810 მეტრი) წარმატებით დალაშქრა.

„მართალია, „მონბლანი“ ყველაზე მაღალი მწვერვალი არ არის, მაგრამ ერთ-ერთ ურთულესია. ჩვენ იქ „სიკვდილის დერეფანი“ გავიარეთ, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იალბუზი მასზე მაღალია, მაგრამ მონბლანის დალაშქვრა უფრო რთულია. ჩემი მიზანია, რომ იალბუზზე საქართველოს და საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ დროშები აღვმართო“, – განუცხადა პირველ არხს ილია კოკაიამ.