„ზესტაფონი“ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა - ნანობაშვილი და ხარშილაძე უგუნდოდ არიან
საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ამჯერად ქვედალიგელი „ზესტაფონი“ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და სანახევროდ ახალი გუნდი შეიქმნება. „ზესტაფონს“ კარგი შემადგენლობა ჰყავდა და თავიდან ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ ცალკე კორონავირუსმა და ცალკე სხვადასხვა პრობლემებმა უარყოფითად იმოქმედა.
თავიდან ამხანაგური მატჩები კარგად ჩაატარეს, ზედალიგელებსაც დამაჯერებლად მოუგეს, მერე კი შედეგები გაუარესდა. მოგვიანებით, ახალმა მწვრთნელმა ლევან ჯოხაძემ სიტუაცია გამოასწორა, „ზესტაფონის“ ლეგენდა ჯაბა დვალიც ათამაშდა და მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა.
ცვლილებებს რაც შეეხება, „ზესტაფონი“ მეტწილად ახალგაზრდებმა დატოვეს. 20 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ლაშა ნანობაშვილმა იმერულ გუნდში ჯამში 22 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა, უშუალოდ ჩემპიონატში 3 გოლი და 6 საგოლე პასი დაუგროვდა. ნანობაშვილი „ლოკომოტივის” 19-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობდა. 2019 წელს „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა და ეროვნულ ლიგა 1-ში მუდმივი პრაქტიკა ჰქონდა. მანამდე იყო გელა სანაიას გაწვრთნილ „შევარდენში“ და საქართველოს 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში. ახლა უგუნდოდ არის.
„ზესტაფონი“ ასევე დატოვეს 20 წლის გიორგი ხარშილაძემ და 21 წლის ლაშა ოზბეთელაშვილმა. ისინი ასევე იყვნენ ასაკობრივ ნაკრებებში, მეტიც, ოზბეთელაშვილს გადამწყვეტი გოლი აქვს გატანილი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში (17-წლამდელების). ოზბეთელაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილია, „გაგრაში“ იყო განათხოვრებული, ახლა კი კარიერას „ვიტ ჯორჯიაში“ გააგრძელებს.