ზედიზედ სამჯერ სიმბოლურში - ზივზივაძე ქართველ ლეგიონერებში რეკორდსმენი გახდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში კვლავ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – „უიპეშტის“ ქართველი თავდამსხმელი ჩემპიონატის 23-ე ტურის რჩეულ თერთმეტ მოთამაშეს შორის გამოცემა csakfoci-მ დაასახელა.
ჩემპიონატის 23-ე ტურში „უიპეშტმა“ საკუთარ მოედანზე „პუშკაშ აკადემიას“ უმასპინძლა. ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 32-ე წუთზე ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა გააკეთა და მისმა გუნდმა 2:1 მოიგო. შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატში აუტსაიდერ „უიპეშტს“ ქართველი მხსნელად მოევლინა – ახალ გუნდში ჩატარებულ სამ შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა.
„ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი) – ქართველი თავდამსხმელი ბომბასავით აფეთქდა. ეს იყო მისი მეოთხე გოლი „უიპეშტში“ ჩატარებულ სამ მატჩში – ახლა მან 19 მეტრიდან დაარტყა. ამის შემდეგ ისევ აქტიურობდა, თანაგუნდელებს კარგად აძლევდა ბურთს, პაულევიჩს საგოლე პასი გაუკეთა“, – წერს გამოცემა csakfoci.
csakfoci-მ 27 წლის ქართველი თავდამსხმელი უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ სამჯერ დაასახელა – ბუდუ ზივზივაძე რჩეულებში 21-ე, 22-ე და 23-ე ტურის შემდეგ მოხვდა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ევროპული ქვეყნის ჩემპიონატში ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ სამჯერ შეიყვანეს.