ზედიზედ რვა მოგების მიუხედავად „ფინიქსი“ პლეი ოფში ვერ გავიდა, „პორტლენდი“ და „მემფისი“ მერვე ადგილისთვის იბრძოლებენ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასრულდა რეგულარული ეტაპი, რომელიც კორონავირუსის გამო მარტში შეწყდა და ორლანდოს „დისნეი ლენდში“ აგვისტოში განახლდა.
რეგულარულის ბოლო ტურამდე გაურკვეველი იყო, დასავლეთის კონფერენციაში რომელი გუნდი დაიკავებდა პლეი ოფში გამსვლელ მერვე ადგილს. ეს „პორტლენდმა“ მოახერხა, რომელმაც დასკვნით ტურში „ბრუკლინი“ მინიმალური სხვაობით, 134:133 დაამარცხა. მას 35 მოგება მოუგროვდა. 34-34 გამარჯვება ჰქონდათ „ფინიქსსა“ და „მემფისს“, რომელთაგან მეცხრე პოზიციაზე (ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო) „მემფისი“ აღმოჩნდა. ბოლო 8 ტურში ყველა მატჩის მომგები „ფინიქსი“ მეათე იყო და გათამაშებას გამოეთიშა.
NBA-ის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით დასავლეთის კონფერენციაში მერვეადგილოსნის გამოსავლენად ერთმანეთის წინაშე „პორტლენდი“ და „მემფისი“ წარსდგებიან. მოგება-წაგებათა უკეთესი ბალანსის გამო, თუ „პორტლენდი“ პირველ თამაშს მოიგებს, ის ავტომატურად გავა პლეი ოფში, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდები მეორე თამაშს გამართავენ.
პირველი მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება. შემდეგ ეტაპზე გასული გუნდი კონფერენციის პირველადგილოსან „ლეიკერსს“ დაუპირისპირდება.
სხვა მატჩები
ვაშინგტონი-ბოსტონი 96:90
საკრამენტი-ლეიკერსი 136:122
მილუოკი-მემფისი 106:119
დალასი-ფინიქსი 102:128
სან ანტონიო-იუტა 112:118
პორტლენდი-ბრუკლინი 134:133
ნიუ ორლეანი-ორლანდო 127:133