დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული წელსაც „გოლდენ სტეიტ ვორიორსი“ გახდა. ფინალური სერიის რიგით მეშვიდე შეხვედრა ტეხასის „ტოიოტა ცენტრში“ გაიმართა და მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.
პირველი ტაიმი „როკეთსმა“ უკეთ ჩაატარა და შესვენებაზე 11 ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ოკლენდელებმა 33-15 მოიგეს. საბოლოოდ შეხვედრა სტივ კერის გუნდმა 92-101 მოიგო და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ნბა-ს სუპერფინალში თამაშის უფლება.
ბრწყინვალე შეხვედრა გამართა კევინ დიურანტმა, რომლის ანგარიშზე 34 ქულაა. სტეფ კარიმ საკუთარ გუნდს 27 ქულა შესძინა. ამასთან ერთად სტეფს 10 პასი და 9 მოხსნა დაუგროვდა. „ჰიუსტონს“ ტრავმის გამო კრის პოლი ვერ ეხმარებოდა, რომელიც სერიის მეხუთე შეხვედრაში დაშავდა. ჯეიმს ჰარდენმა 32 ქულა დააგროვა.
„გოლდენ სტეიტ ვორიორსისა“ და „კლივლენდ კავალიერსის“ სუპერფინალური სერია სტარტს თბილისის დროით 1 ივნისს, დილის 05:00 საათზე, „ვორიორსის“ მშობლიურ „ორაკლ არენაზე“ აიღებს.