ზედიზედ მეოთხე ფრე - ბათუმის „დინამო“ „საბურთალოს“ დაუზავდა (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური ბათუმში გამართული დაძაბული შეხვედრით გაიხსნა – ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ მესამეადგილოსან „საბურთალოს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეოთხედ მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ანგარიში 61-ე წუთზე „საბურთალომ“ გახსნა: ლამაზი კომბინაცია და გიორგი კოხრეიძის მშვენიერი გადაცემა ლევან ნონიკაშვილმა ეფექტური გოლით დაასრულა – 0:1.
ბათუმელებს წონასწორობის აღსადგენად სულ ხუთი წუთი დასჭრდათ: გია მანჯგალაძის გადაცემა ჯაბა ჯიღაურმა გოლად აქცია – 1:1.
74-ე წუთზე მასპინძლებს დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდათ: თორნიკე გაფრინდაშვილის წაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა მოედნიდან „საბურთალოს“ ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილი გააძევა, სტუმართა კარში კი პენალტი დანიშნა.
მაგრამ ბათუმელთა თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა ამ შანსით ვერ იარგებლა – მისი დარტყმული ბურთი „საბურთალოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძემ მოიგერია და როგორც გაირკვა, სტუმრებს ქულა შეუნარჩუნა.
ოთხი ტურის შემდეგ „საბურთალომ“ ხუთი ქულა დააგროვა, მეოთხე პოზიციაზეა და ქულით ასწრებს ბათუმის „დინამოს“, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჯერ მოგება ვერ მაოხერხა და ოთხივე შეხვედრა ფრედ დაასრულა.