ზედიზედ მეორე წაგება - არველაძის „ჰალი“ რუნის „დერბისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედარ წააგო. ქართველი მწვრთნელის დანიშვნა გუნდისთვის წარმატებული გამოდგა, მაგრამ ბოლო ორ ტურში „ჰალი“ ფანებს ვერ ახარებს.
ჩემპიონშიპის 31-ე ტურში ქართველი მწვრთნელის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერს, 23-ე ადგილზე მყოფ „დერბი ქაუნთის“ ესტუმრა, მეტოქეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა.
„დერბი“, რომელსაც ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი და დამწყები მწვრთნელი, უეინ რუნი თავკაცობს, უპირატესობას პირველივე ტაიმში დაეუფლა და კრეიგ ფორსაითისა (19-ე წუთი) და ტომ ლოურენსის (38) გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. შესვენების შემდეგ ორ წუთში „ჰალის“ კარი მესამედ ფესტი ებოსელემ აიღო და გამარჯვებული, ფაქტობრივად, სწორედ 47-ე წუთზე გაირკვა.
„ჰალმა“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და ესეც მეტოქის დახმარებით – პირველი გოლის ავტორმა ფორსაითმა ამჯერად საკუთარი კარის ბადე შეარხია და „დერბი ქაუნთიმ“ 3:1 გაიმარჯვა.
„სუონსისთან“ მოგების (2:0) და შინ „პრესტონთან“ წაგების (0:1) შემდეგ, შოთა არველაძის გაწვრთნილი „ჰალი“ ისევ დამარცხდა, 31 ტურის შემდეგ ისევ 32 ქულით დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
შოთა არველაძეს და „ჰალ სიტის“ მომდევნო შეხვედრა 12 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ფულემთან“ ელის, რომელიც გათამაშების ლიდერია (61 ქულა) და მეორეადგილოსან „ბლექბერნს“ სოლიდური უპირატესობით უსწრებს.