ზედიზედ მეორე მოგება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისში ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლა და 31:10 გაიმარჯვა.
ეს იყო ახალი წლის პირველი მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ახალი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით ჩაატარა და ინგლისელი სპეციალისტის საშინაო დებიუტიც წარმატებული გამოდგა.
თამაში ნიდერლანდელებმა აქტიურად დაიწყეს და ზუსტად შეასრულებული საჯარიმო დარტყმით ანგარიშიც გახსნეს – 3:0.
საწყის წუთებში საქართველოს ნაკრების მორაგბეებს ცოტა მღელვარება ეტყობოდათ, რომლის დაძლევის შემდეგაც თამაში თანდათან გამოასწორეს, დაახლოებით მე-20 წუთიდან უპირატესობას დაეუფლნენ და ტაიმის ბოლომდე ორი გარდასახული ლელოთი მოახერხეს დაწინაურება. თამაშის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 14:3 მოიგო.
მეორე ნახევარი კი „ბორჯღალოსნების“ სრული უპირატესობით წარიმართა – ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმში სამი ლელოს დადება მოახერხეს.
მატჩის ბოლო წუთებში ნიდერლანდელებმა დიდი ძალებით შეუტიეს საქართველოს ნაკრებს. „ბორჯღალოსნები“ თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და საბოლოოდ შეხვედრა ბონუსქულით მოიგეს – 31:10.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ორი მოგება აქვს. „ბორჯღალოსნები“ მომდევნო მატჩს კვლავ თბილისში ჩაატარებენ – 17 თებერვალს საქართველოს ნაკრები „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძელბს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.