ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის – “ზე რაგბის” მე-8 ტურის პირველ შეხვედრაში ახალ ზელანდიურმა “ჰარიქეინზმა” სამხრეთ აფრიკულ “შარქზს” უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთზე გაირკვა.
შეხვედრის მნიშვნელოვან მონაკვეთში სტუმრები დომინირებდნენ და “ჰარიქეინზს” მდევრის როლში უწევდა თამაში. დაპირისპირების ბოლო – მე-80 წუთზე მასპინძლები მეტოქეს 6 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა ლაუმაპემ ლელო დადო, იჰაია ვესტმა გარდასახა და მათ ერთ ქულიანი სხვაობით – 38:37 მოიგეს.
საინტერესო გამოდგა იაპონური “სანვულვზის” და ავსტრალიური “ვორათაზის” დაპირისპირებაც, რომელიც პრინც შიჩიბუს მემორიალურ სტადიონზე გაიმართა. ამ შეხვედრაში იაპონური კლუბის ღირსებას ორი ქართველი მორაგბე – ნიკოლოზ ხატიაშვილი და ჯაბა ბრეგვაძე იცავდა. მატჩი “ვორათაზის” უპირატესობით მიმდინარეობდა და მათ 29:50 იმარჯვეს. მოგების შემდეგ “ვორათაზი” ავსტრალიის კონფერენციის მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
მე-8 ტურის ახალ ზელანდიურ დერბიში ერთმანეთს ვაიკატო “ჩიფსი” და ოქლენდ “ბლუზი” დაუპირისპირდნენ. მატჩის ბედი 74-ე წუთზე “ჩიფსის” მორკინალების გარჯის შედეგად დადებულმა საჯარიმო ლელომ გადაწყვიტა – 21:19. “ჩიფსი” ახალი ზელანდიის კონკფერენციის მე-3 ადგილოსანია, ხოლო “ბლუზი” კი 7 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
“ბრამბიზმა” მარტივად – 45:21 მოუგო “რედსს”, ხოლო სამხრეთ აფრიკის კონფერენციის ლიდერმა “ლაიონსმა” “შტორმერსი” უხვქულიან შეხვედრაში 52:31 დაამარცხა.
მე-8 ტურის ბოლო შეხვედრა არგენტინაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ხაგუარესმა” “ქრუსეიდერზს” უმასპინძლა. დაპირისპირება სტუმრების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. ახალ ზელანდიელებმა მეტოქეს ორის პასუხად 6 ლელო დაუდეს და 14:40 იმარჯვეს.