ზაზა ჯანაშია - არ მესმის ჯიქიას საქციელი, ქართველები ისედაც ცოტანი ვართ
ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ მშობლიური კლუბი – „ზუგდიდი“ შეიძინა, რომელშიც 1991 წელს საფეხბურთო კარიერას იწყებდა. ამჟამად, კლუბი საქართველოს ქვედა დივიზიონებში ჩაიკარგა და ის გაქრობას ჯანაშიამ გაადარჩინა. მან მოიგო ელექტრონული აუქციონი და შეიძინა „ზუგდიდი“ 61 ათას ლარად. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, მან ქალაქის მერიასთან უნდა გააფორმოს კლუბის გადაცემის ხელშეკრულება.
ამასთან, დაკავშირებით რუსულმა სპორტულმა გაზეთმა „სპორტ-ექსპრესმა“ ჯანაშიასგან ინტერვიუ აიღო, რომლის ფრაგმენტებს გთავაზობთ.
რაში გჭირდებათ საკუთარი კლუბი?
– მე ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე. ადგილობრივი გუნდი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. თან „ზუგდიდში“ დიდი პოტენციალია. იქ კარგი ახალგაზრდობა იზრდება, მათ რაღაცნაირად დახმარება ესაჭიროებათ. იმ ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში, რაც აქ ვიმყოფები, დაუჯერებელი რამ ვნახე. ბავშვების დიდი არჩევანია. „ზუგდიდიდან“ ორი-სამი ჯანაშია შეიძლება გამოვიდეს! ვფიქრობ, შევძლებ ამის გაკეთებას. ყველა ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც დღეს საქართველოში თამაშობს, აქედან მოდის.
61 ათასი ლარი – დიდი თანხაა. საკუთარ თავს ამის უფლება იოლად მიეცით?
– რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ფულია. მაგრამ, ვფიქრობ, მოსკოვის „ლოკომოტივი“ დამეხმარება. ადრეც ველაპარაკე მას „ზუგდიდის“ შესახებ. დიდი თანხა არ არის საჭირო მის დასაფინანსებლად. ამას გავარკვევთ მაშინ, როცა მოსკოვში ჩავალ და კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები. ბოლოს და ბოლოს, „ლოკომოტივი“ ჩემი მშობლიური კლუბია. არ დამაღალატებენ!
როდის უნდა ველოდოთ „ზუგდიდს“ ჩემპიონთა ლიგაზე?
– ორი წლის შედეგ! თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, მე აქ მინდა შევქმნა ის, რასაც „ლოკომოტივში“ ვხედავდი. იქ სიომინმა გააკეთა ყველაფერი, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთი ყვარებოდათ. ფეხბურთელები ოჯახებით მეგობრობდნენ… იმედია, „ზუგდიდშიც“ ასეთი გუნდი იქნება. თუ ეს მოხდება, ჩავთვლი, რომ ყველაფერი გამომივიდა.
სიომინის მიწვევა არ გინდათ?
– მინდა. თუნდაც ერთი წლით! სტუმრად აუცილებლად მოვიწვევ – სიომინსაც და ყველა ლოკომოტიველს. ვაჩვენებ მათ საკუთარ კლუბს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩემს გეგმებშია აკადემია. „ზუგდიდს“ ორი მინდორი აქვს და ამდენივეს გაკეთება კიდევ შეიძლება. ზუგდიდში ყველას უნდა ფეხბურთი. იქ სხვა გასართობიც არც არის. ჩემს დროს, მხოლოდ ადგილობრივები თამაშობდნენ შემადგენლობაში. ის სახალხო გუნდია!
თქვენს სამ ვაჟს მიიყვანთ „ზუგდიდში“?
– სად გამექცევიან! უფროსი უკვე ჩვენთანაა. ის 14 წლისაა. დანარჩენი ორი – თბილისის „დინამოს“ აკადემიაში მეცადინეობს. თუ იქ კარგად ითამაშებენ, ჩვენთან მოვიწვევ. სამიდან ერთ-ერთი აუცილებლად გახდება ჯანაშიების საფეხბურთო გვარის ღირსეული გამგრძელებელი.
გახდება წელს „ლოკომოტივი“ ჩემპიონი?
– ასი პროცენტით! მთელი საქართველო გულშემატკივრობს მას. იქ ხომ ქართველი თამაშობს – საბა კვირკველია! ადრე იყო ჯანაშია, ახლა, კვირკველია.
რომელი ფეხბურთელი მოგწონთ დღევანდელი „ლოკომოტივიდან“?
– თუ მოვაცილებთ კვირკველიას, უკან ქაოსი იქნება! ჩვენს დროსაც „ლოკომოტივი“ დაცვით იყო ძლიერი. გოლებს საერთოდ არ ვუშვებდით. ახლაც ასეა.
ფეხბურთელი ჯანაშია შეძლებდა კვირკველიას გავლას?
– (იცინის) გავივლიდი! თუმცა, რთული იქნებოდა. საბას გრძელი ფეხები აქვს, მაღალია. როცა დაიღლება, აი, მაშინ შეიძლება მისი მოტყუება.
კვირკველიამ რუსეთს საქართველოს ნაკრებში თამაში ამჯობინა, გიორგი ჯიქია – პირიქით მოიქცა. გესმით მისი არჩევანის?
– არც ისე. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ. ჩვენ გვჭირდება კარგი ფეხბურთელები.
ვინ უფრო ძლიერია – კვირკველია თუ ჯიქია?
– დღეს ჩანს, რომ საბა უფრო ძლიერია. წავიკითხე კიდეც, რომ ის შეიძლება ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს, მაგრამ, მგონია, რომ სიომინი მას არ გაუშვებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას ქართველები უყვარს! ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი: „ქართველების გარეშე გუნდი არ კეთდება“.