საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავისადმი მიძღვნილ სპეციალურ სატელევიზიო პროგრამაში საქართველოს პირველ არხთან ზაზა ფაჩულიამ თავის მომავალზე ილაპარაკა.
ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონზთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ამბობს, რომ მისი საკითხი მალე გაირკვევა.
„ამერიკაში 16 წელი ვითამაშე და მინდა, კიდევ ერთი წელი დავამატო. მაგრამ ეს ის დროა, როდესაც ოჯახთან ერთად უნდა დაისვენო და ისიამოვნო, რაც ყველაზე მეტად მაკლია. სატრანსფერო „ფანჯარა“ პირველ ივლისს გაიხსნება და ჩემი მომავალი კლუბის საკითხს შემოთავაზებების მიხედვით გადავწყვეტ“, – ამბობს ფაჩულია.
როდესაც „გოლდენ სტეიტში“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა, ქართველმა კალათბურთელმა საქართველოს დროშა აღმართა – ზაზამ ეს ისტორია და საქართველოს ნაკრებში გამოსვლაც გაიხსენა:
„ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს დღევანდელ დღეს მივულოცავ. როდესაც ამერიკაში ჩავედი, ბევრს ეგონა, რომ ჯორჯია ამერიკის შტატი იყო. ხშირად მომხდარა, როცა ჩაძიებიან და ამიხსნია, რომ საქართველო ძველი ქვეყანაა დიდი ისტორიით. 16 წლის განმავლობაში გარკვეულ შედეგს მივაღწიე, მაგრამ ამ კუთხით მუშაობა უნდა გავაგრძელო. საქართველოს ნაკრებში 17 წელი ვითამაშე და ჰიმნზე ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. განსაკუთრებით, თბილისის სპორტის სასახლეში რომ ვთამაშობდი. ფუფუნებაში ვიყავი იმ მხრივ, რომ გულშემატკივარი მუდამ დადიოდა და ბედნიერები ვიყავით. მადლობელი ვარ, რა მოგონებებიც ამ 17 წელიწადში დამრჩა. ეს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება“.