ზაზა ფაჩულია მომხრეა, რომ საქართველოში სპორტით მაქსიმალურად ბევრი ბავშვი დაკავდეს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ეს საქართველოს პირველ არხზე საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავისადმი მიძღვნილ სპეციალურ სატელევიზიო პროგრამაში განაცხადა.
„ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს, თითქმის ყველა სახეობაში უცხოეთში ბევრი ქართველი ახალგაზრდა თამაშობს და ვისურვებდი, სპორტზე მეტი საუბარი იყოს. ბავშვს შეუძლია სპორტიდან ბევრი რამ შეიძინოს: დისციპლინა, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიდრეკილება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
ეს ყოველივე ადამიანმა ნებისმიერ სფეროში შეიძლება გამოიყენოს. ამიტომ ვისურვებდი, მეტი ბავშვი იყოს სპორტით დაკავებული. ბოლო წლებში ბევრი კარგი სპორტული აკადემია ჩამოყალიბდა – კალათბურთის, ფეხბურთის. მე ოთხი შვილის მამა ვარ – ორი ბიჭი და ორი გოგო მყავს, და მინდა, თითოეული მათგანი სპორტით იყოს დაკავებული“, – ამბობს ფაჩულია.