დღეს, 16 ივნისს, სტარტს აიღებს მემორიალური ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელიც ზაზა დარასელის ხსოვნას ეძღვნება. „დარასელის თასის“ მატჩები გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის სპორტულ კომპლექსში ჩატარდება.
ცნობილი ტელეჟურნალისტისა და მეორე არხის ყოფილი დირექტორის ხსოვნის ტურნირი წლეულს ოცდამეორედ იმართება და მასში, ტრადიციულად, ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
პირველ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საქართველოს ტელევიზიის პირველი არხისა და პოს ტვ-ის გუნდები. უკვე ტრადიციად ქცეული მინი-ფეხბურთის მემორიალური ტურნირი საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონაჟით ტარდება.
ფინალური შეხვედრა 20 ივნისს, ზაზას დაბადების დღეს გაიმართება. 2021 წელს თასის გამარჯვებული აფხაზეთის ტელევიზიის ნაკრები გახდა, რომელიც ტურნირზე ოცდამეერთედ მონაწილეობდა.