ეროვნულ ლიგაში მე-3 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა – გორის „თენგიზ ბურჯანაძე-არენაზე“ „დილამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.
თუმცა, მატჩი ისე წარიმართა, შესაძლოა იყო, მასპინძლებს ეს ქულაც ვერ აეღოთ. ანგარიში მე-15 წუთზე „სამტრედიამ“ გახსნა – გორელთა მცველი, დავით ხურცილავა ბურთს მეკარეს უბრუნებდა, როდესაც ბურთი სტუმართა ესპანელთა ნახევარმცველმა დიეგო დიზმა ჩაჭრა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა 0:1.
„დილამ“ წონასწორობა 27-ე წუთზე აღადგინა. სტრაჰინია პავიშიჩმა საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა და მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც მიკოლა კოვტალიუკმა უნაკლოდ გამოიყენა 1:1.
მატჩის ბოლო წუთზე სტუმრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. მათი აზრით, გორელთა მცველმა ბურთი ხელით შეაჩერა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა დავით ხარიტონაშილმა ჩათვალა, რომ წესის დარღვევა არ იყო, მალე თამაშიც დაასრულა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს 1:1.
სამი ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 5 ქულა დააგროვა, ისევე როგორც თბილისის „დინამომ“ და მესამე ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 4 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
ეროვნულ ლიგაში მე-3 ტური 28 ივნისს ქუთაისში დაგეგმილი მატჩით დასრულდება: „რამაზ შენგელია – არენაზე“ „ტორპედო“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.