ზარალი ნახევარ მილიარდზე მეტი იქნება - ლეგიონერების გარეშე რუსული კლუბების ფასები კატასტროფულად შემცირდება #1TVSPORT
ზარალი ნახევარ მილიარდზე მეტი იქნება - ლეგიონერების გარეშე რუსული კლუბების ფასები კატასტროფულად შემცირდება #1TVSPORT

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო უახლოეს მომავალში ფიფა რუსეთში მოთამაშე უცხოელებს საშუალებას მისცემს, სასჯელის გარეშე გააუქმონ კლუბებთან არსებული კონტრაქტები. სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრმა ან თუნდაც ყველა ლეგიონერმა გამოიყენოს ეს უფლება.

რუსული მედია აღნიშნავს, რომ ეს მათი კლუბების გაკოტრებას ნიშნავს. გამოცემა „ჩემპიონატმა“ გამოიკვლია, რამდენით დაზარალდებიან რუსეთის პრემიერლიგის კლუბები თუ ლეგიონერები უფასოდ წავლენ.

„ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ჩემპიონატის მონაწილეები დიდ ფინანსურ ზარალს განიცდიან. უპირველეს ყოვლისა, ტოპ-კლუბები, რომლებიც ახალწვეულებში სერიოზულ ფულს იხდიან. გამოვთვალოთ „ზენიტის“, „დინამოს“, ცსკა-ს, „კრასნოდარის“, „ლოკომოტივისა“ და „სპარტაკის“ შესაძლო ზარალი. ტრანსფერებში დაკარგული სახსრების ზუსტი ოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ სავარაუდო ციფრების დადგენა შეიძლება.

განვიხილავთ ორ ინდიკატორს: ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით და ფული, რომელიც რუსეთის ტოპ კლუბებმა თავიანთი ლეგიონერების შესაძენად დახარჯეს“, – წერს გამოცემა „ჩემპიონატი“.

ფიფა-ს და უეფა-ს გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად „ზენიტი“ დაზარალდება.

ზენიტი 118-147 მილიონი ევრო

კრასნოდარი 74-80 მილიონი ევრო

სპარტაკი 66-81 მილიონი ევრო

ცსკა 35-37 მილიონი ევრო

ლოკომოტივი 34-37 მილიონი ევრო

დინამო 26-41 მილიონი ევრო

ზარალის თანხა ჯამში მინიმუმ 353 მილიონი ევრო, მაქსიმუმ კი 423 მილიონი იქნება. ეს იმ დროს, როდესაც რუსეთის ჩემპიონატის გუნდების მოთამაშეთა ჯამური ფასი 978 მილიონი ევროა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ ექვსი გუნდის დანაკლისია.

დათვლილი არ არის დანარჩენი 10 გუნდის ლეგიონერებიდან გამომდინარე დანაკარგი. არადა, მათ შორის არიან ხვიჩა კვარაცხელია (16 მილიონი ევრო), ზუკა დავითაშვილი (2,5 მილიონი) და ბევრი სხვა…