ზაქარია ქუცნაშვილი - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კანდიდატურებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისას ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს ქუცნაშვილმა განუცხადა, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზისა და მოსამართლეობის კანდიდატის არჩევის წესის არარსებობის გამო, არ შეიძლება, პროცესი გამოყენებული იყოს გარკვეული ჯგუფის მიერ, გარკვეული კანდიდატების დასახელებისთვის .
„მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა იურისტს თანასწორი შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და მოსამართლედ გამწესდეს. თანასწორობის პრინციპი დაირღვა, როცა კონკურსის არ გამოცხადებით ეს უფლება ერთმა ჯგუფმა მოიპოვა და სხვა დანარჩენს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა. თანასწორობის პრინციპი დარღვეულია, რადგან ყველა მოსამართლესა და იურისტს არ მიეცა საშუალება, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიეღო. პარლამენტის წევრთა უმრავლესობაში არის ასეთი განწყობა – მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლეები სჭირდება, პროცესი იმდენად ჯანსაღი და ობიექტური უნდა იყოს, რომ არავის მიეცეს კრიტიკის საშუალება. თუ პროცესის სათავე არ იქნება ჯანსაღი, გამჭვირვალე და თანასწორი, შედეგები დადებითი ვერ იქნება. ან თავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევი პირობები, ან პარლამენტმა უნდა დაადგინოს წესი, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაიცვას “, – განაცხადა ქუცნაშვილმა.