ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნარვა ტრანსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ზაქარია ბეგლარიშვილმა ნარვას საფეხბურთო კლუბ „ტრანსთან“ კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა – ინფორმაციას ესტონური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ინტელექტი, ქარიზმა, ფილიგრანული პასები, ჯადოსნური გოლები – ეს ყველაფერი მომავალ სეზონშიც გველოდება, რადგან ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნარვა ტრანსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
34 წლის ბეგლარიშვილმა „ტრანსის“ შემადგენლობაში 2024 წელს უმაღლეს ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბეგლარიშვილი 2007-2009 წლებში ქართულ კლუბებში (რუსთავის „ოლიმპი“, გორის „დილა“, „ლოკომოტივი“) თამაშობდა.
ამის შემდეგ ტალინის „ფლორაში“ (2010-2012, 2014-2019 წლებში) გადავიდა. 2019 წლის სეზონი იჯარით უნგრულ „ჰონვედსა“ და ფინურ „სეინაჯოკში“ გაატარა, ხოლო 2020 წელს ფინურ „კოტეპეში“ თამაშობდა, საიდანაც ტალინის „ლევადიაში“ ჩაირიცხა. 2023 წლის სეზონში შემტევმა ნახევარმცველმა უზბეკეთის „ტურონსა“ და „გაგრაში“ ითამაშა.
ბეგლარიშვილი ოთხჯერ -„ფლორასთან“ (2010, 2011, 2015, 2017), ერთხელ კი „ლევადიასთან“ (2021) ერთად გახდა ესტონეთის ჩემპიონი, „ლევადიაში“ ასევე ესტონეთის თასზე (2021) და სუპერთასზე (2022) გამარჯვებაც იზეიმა.
2022 წლის სეზონში 21 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. 2018 წლის შემოდგომაზე ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობის მისაღებად გამოცდები ჩააბარა და 2019 წლის სექტემბერში ამ ქვეყნის მოქალაქის პასპორტი მიიღო.
ესტონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ნარვა ტრანსი“ მეხუთე ადგილზეა.