ზაქარია ბეგლარიშვილი - სამწუხაროდ, საქართველოში ისე არ აეწყო საქმე, როგორც წარმომედგინა #1TVSPORT
ზაქარია ბეგლარიშვილი - სამწუხაროდ, საქართველოში ისე არ აეწყო საქმე, როგორც წარმომედგინა #1TVSPORT

ზაქარია ბეგლარიშვილს ახალი კლუბის, „ნარვა ტრანსის“ პრესსამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ესტონეთში დაბრუნებასა და საქართველოდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„სულ რაღაც ერთი წლის წინ დავტოვე „ლევადია“. ამ ხნის განმავლობაში ესტონეთი მომენატრა, რადგან ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, ეს ყველამ იცის. ჩემს სამშობლოს, საქართველოს ჰგავს. მომენატრა და დავბრუნდი.

ამ ერთი წლის განმავლობაში უზბეკეთის „ტურონში“ და ქართულ „გაგრაში“ ვითამაშე. უზბეკეთში კარგ პირობები იყო, ახალ ამბიციურ გუნდს ქმნიდნენ და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა უნდოდათ, მაგრამ ფინანსური პრობლემები სწრაფად გაჩნდა და ხელფასების დაგვიანება დაიწყო. ფეხბურთელები, ბუნებრივია, უკმაყოფილონი იყვნენ ამ მდგომარეობით, ამიტომ ზაფხულში გუნდი 20-მდე ადამიანი დატოვა, მათ შორის მეც.

ძალიან გამიხარდა საქართველოში დაბრუნება, მინდოდა, ათი წლის შემდეგ სამშობლოში მეთამაშა. სამწუხაროდ, „გაგრაშიც“ იყო ხელფასების შეფერხება. საქმე ისე არ გამოვიდა, ცოტა სხვა რამეზე ვოცნებობდი.

„ტრანსის“ მწვრთნელს, ალექსეი ერემენკოს პირველად ფინურ კლუბ „სეინაიოფში“ შეხვდი და მასთან მუშაობა ძალიან მიხაროდა. სამწუხაროდ, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ხშირად ვურეკავდი და ვსაუბრობდით, ძალიან გამიხარდა, შარშან ესტონეთში რომ ვნახე. ამიტომ „ტრანსის“ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მისი ფაქტორი ტრანსფერში გადამწყვეტი იყო.

ესტონეთში რამდენიმეჯერ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ და საუკეთესო ბომბარდირად მაღიარეს. ესტონეთში ყოველთვის ეფექტურად ვთამაშობდი, გოლები + პასებით ლიდერი ვიყავი. მომავალ სეზონშიც სერიოზულად მსურს, მსგავსი მიღწევა გავიმეორო.

კლუბში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. მზად თუ ვარ, გავხდე გუნდის ლიდერი და ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი? რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოვალეობაა, ახალგაზრდებს გამოცდილება გავუზიარო. ესტონეთში საერთოდ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. მე მათ ვეხმარებოდი როგორც „ლევადიაში“, ასევე „ფლორაში“ და „ტრანსშიც“ დავეხმარები – მოედანზეც და მის მიღმა. უკვე გადავწყვიტე, რომ 49 ნომრით ვითამაშებ, რადგან ეს ჩემი საყვარელი ნომერია, რომლითაც ყოველთვის რაღაცას ვიგებდი და ჩემთვის ძალიან იღბლიანი ნომერია“, – ამბობს ზაქარია ბეგლარიშვილი.