ივიცა ოლიჩი კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელია, რომელიც თბილისში „ზამთრის თასზე“ გვესტუმრება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ხორვატმა თავდამსხმელმა კარიერის დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარა. 2009-2012 წლებში მიუნხენის „ბაიერნში“ გამოდიოდა. ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფორმა 104-ჯერ მოირგო. 2009 და 2010 წლებში ხორვატიის წლის ფეხბურთელად დასახელდა. მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს 2002 და 2006, ევროპის 2008 და 2012 წლის ჩემპიონატებზე. 2014 წლის მსოფლიო თასზე კამერუნის ნაკრებთან გატანილი გოლით გახდა ყველაზე ხანდაზმული ხორვატი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეტოქის კარი აიღო – მაშინ ოლიჩი 35 წლის იყო.
შეგახსენებთ, რომ „ზამთრის თასი“ 11-13 იანვარს გაიმართება, ლეგენდები კი მთავარ პრიზს 13 იანვარს გაითამაშებენ. ოლიჩის გარდა, თბილისს ნუნუ გომეში, მარკო მატერაცი და ჯერემი ნჯიტაპი ესტუმრებიან.