ზაგრების გრან პრიზე დღეს შავდათუაშვილი, ტერაშვილი და გრიგალაშვილი იჭიდავებენ #1TVSPORT
ზაგრების გრან პრიზე დღეს შავდათუაშვილი, ტერაშვილი და გრიგალაშვილი იჭიდავებენ #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მინდინარე ზაგრების გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი იჭიდავებს.

-73 კგ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენი გამოვა – ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი.

სატურნირო ბადეში განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ლაშა შავდათუაშვილი. პირველ შეხვედრას ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თურქ უმალტ დემირელსა და გერმანელ ენტონი ზინგს შორის გამარჯვებულთან გამართავს.

ამ წონაში გამომსვლელი მეორე ქართველი, ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილიც შეჯიბრში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ ჩეხ დანიელ პოჩოლსა და მონღოლ ანხიზა ლავიარგალს შორის გამარჯვებული ეყოლება.

81 კგ-ში საქართველოსთვის ტურნირზე მედლის მოპოვებას ტატო გრიგალაშვილი შეეცდება.

ტატო დღეს მოასპარეზე სხვა ქართველების მსგავსად განთესილი იქნება, იგი შეჯიბრში მეორე ეტაპიდან იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე, მოლდოველ ნიკონ ზაბოროსკუსა და ხორვატ მარინ ფრანუსინს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა მედლების მოპოვება შეძლო. ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,19 წლის გიორგი სარდალაშვილი კი გრან პრიზე მესამე ადგილზე გავიდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.