ზაგრების „დინამოს“ მცველი - „დინამო თბილისთან“ თამაში გვირჩევნია #1TVSPORT
ზაგრების „დინამოს“ მცველმა, მარტინ ბატურინამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისისა“ და „ასტანას“ წყვილში უპირატესობას ქართულ გუნდს ანიჭებს, – ამის შესახებ მან Vecernji.hr-თან ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას „ასტანასთან“ ან თბილისის „დინამოსთან“ მატჩით დავიწყებთ, ამ წყვილში გამარჯვებული ევროტურნირზე ჩვენი პირველი მეტოქე იქნება.
ჯერ არ მინახავს მათი თამაში და ვერ ვიტყვი, რომელი უკეთესი გუნდია, მაგრამ სხვადასხვა პირობებს თუ გავათვალისწინებთ, „დინამო თბილისთან“ თამაში გვირჩევნია, იმიტომ, რომ თბილისი ზაგრებიდან ასტანაზე ახლოს მაინც არის, თანაც „ასტანა“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშობს.
მარტივი თამაშები და მეტოქეები არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე შევიდეთ სასურველ ფორმაში. თუ ეს მოვახერხეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ზაგრების „დინამოს“ მოთამაშე.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ 12 ივლისს „ასტანას“ ყაზახეთში ესტუმრება, ხოლო 19 ივლისს „დინამო“ არენაზე უმასპინძლებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი საქართველოს ჩემპიონი 26 ივლისს ზაგრების „დინამოს“ ესტუმრება, ხოლო 2 აგვისტოს თბილისში ითამაშებს.