ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო - საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო.
ცოტა ხნით ადრე ტურნირზე ოქროს მედლების მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და ლაშა ბექაური (90კგ) გახდნენ. ლუკა მაისურაძემ (90კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.