ზაალ ჩაჩავა ტორპედოს რეორგანიზაციას გეგმავს - საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია
ზაალ ჩაჩავა ტორპედოს რეორგანიზაციას გეგმავს - საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია
ქუთაისის ტორპედოში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე გუნდის ოფიციალურმა გვერდმა კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას კომენტარი გამოაქვეყნა.
 
„უპირველესად, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა, კლუბი აგრძელებს ფუნქციონირებას და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ტორპედო ევროტურნირებზე გავიდეს და ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს. რაც შეეხება ძირითად გუნდს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქნები გულწრფელი და ალბათ ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს, რომ მოხდება გუნდის რეორგანიზაცია“, – წერია ჩაჩავას განცხადებაში.
ტორპედოს პრეზიდენტმა ამის მიზეზი ახსნა: „ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლის შემდგომ, თითქმის სამი წელია, „ტორპედოს“ ძირითადი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალია საქართველოში და ჩვენი ფეხბურთელების ხელფასები თითქმის უთანაბრდება მათი უცხოელი კოლეგების შრომის ანაზღაურებებს. წელსაც ყველანაირად ვცდილობდი, გამეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი და ვარსკვლავური გუნდი შემენარჩუნებინა, მაგრამ უცხოური ინვესტიციის გარეშე, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს საკმაოდ ძნელია. პირდაპირ ვიტყვი, იანვარში ამ გუნდის დაკომპლექტება და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა იმ პერსპექტიული შემოსავლის იმედად, რომლის მიღებასაც ვგეგმავდით უცხოელი ინვესტორის დაფინანსების ხარჯზე, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა“.
ჩაჩავა იმედს არ კარგავს, რომ ტორპედო ამ შემადგენლობას შეინარჩუნებს: „მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვეცადე და ახლაც ძალიან ვცდილობ შევინარჩუნო ტორპედოს ისტორიაში საუკეთესო გუნდი, თუ ეს ვერ მოხერხდება, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ისევ მე დამწყდება გული, მაგრამ ერთხელ უკვე შევძელით და დამიჯერეთ, ისევ შევძლებთ გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი და გავახაროთ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი. ტორპედო ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ჩვენ ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ. და ბოლოს, რაც შეეხება პირადად ჩემს მიმართ არსებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას – ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია და ამით ძალიან ბევრს გავახარებთ“.