უნიკალური და უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ბოლო მატჩში, რომელშიც „მაინცი“ „ფრაიბურგს“ მასპინძლობდა.
მთავარმა მსაჯმა, ვინკმანმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშანი მისცა და სტუმრები გასახდელში წავიდნენ. იმავეს აკეთებდნენ „მაინცის“ მოთამაშეები, როცა ვინკმანს რაციით რაღაც შეატყობინა ვიდეოარბიტრმა (VAR).
მსაჯმა მოლაპარაკებები დაიწყო, ამ დროს კი მინდორი უკვე ცარიელი იყო და სარწყავი სისტემა მუშაობდა.
ვინკმანმა მონიტორთან მიირბინა, ვიდეოჩანაწერი ნახა და ფეხბურთელების მინდორზე დაბრუნება მოითხოვა.
საქმე ისაა, რომ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე „ფრაიბურგის“ ფეხბურთელმა ხელით ითამაშა და ეს მთავარმა არბიტრმა ვერ შენიშნა.
სტუმრები დიდი ხნის განმავლობაში არ ბრუნდებოდნენ მოედანზე, მაგრამ ბოლოს დამორჩილდნენ მსაჯის ბრძანებას. „მაინცმა“ პენალტი დაარტყა, ანგარიში გახსნა და ამის შემდეგ, ყველა წავიდა შესვენებაზე.
თამაში „მაინცმა“ 2:0 მოიგო.